კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. 5 ახალი დადასტურებული შემთხვევის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ ადამიანებს მოუწოდებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის განსაზღვრული.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული 30 შემთხვევიდან, ორ შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში, ხოლო დანარჩენი შემთხვევები, პირდაპირ ან ირიბად, ყველა უკავშირდება იტალიას.
„გლობალურად მოგეხსენებათ, რომ ჩინეთში სიტუაცია მკვეთრად უმჯობესდება. თითქმის 2 კვირაა, 80 000-ის ფარგლებში დადასტურებული შემთხვევები რჩება და ახალი შემთხვევების რაოდენობა არ სცილდება ერთიდან 2 ათეულს. რადიკალურად შემცირებულია სიკვდილიანობაც.
სამწუხაროდ, ეპიდ. სიტუაცია უარესდება ჩინეთის გარეთ თითქმის ყველა ქვეყანაში. დღევანდელი დილის მონაცემებით, ინფექციის შემთხვევები დაფიქსირებულია 145 ქვეყანაში და სრულად 145 698 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ჩინეთში გახლავთ 80 824 შემთხვევა და დანარჩენი, თითქმის 65 000 შემთხვევა გვაქვს უკვე ჩინეთს გარეთ. ყველაზე დაზიანებულად დღეს ითვლება იტალია - 17 660 შემთხვევა, ირანი 11 364, სამხრეთ კორეა 8 000, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, აშშ. უკვე ათასს გადასცილდა შვეიცარია, ათასს მიუახლოვდა ნორვეგია, შვედეთი, ნიდერლანდები, დანია და ასევე გაერთიანებული სამეფო, სადაც 800-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
იაპონიაში გავრცელების ტემპი შედარებით შემცირდა. ყველამ ვიცით, რომ გლობალურ ეპიდემიასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება საქართველოს, 30 იანვრიდან მოყოლებული გვქონდა 676 ე.წ. შესაძლო შემთხვევა, და აქედან დღევანდელი დილის მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 30 შემთხვევა. ამ დროის განმავლობაში ლუგარის ცენტრში ტესტირებულია 700-მდე ნიმუში.
სასიხარულოა ის, რომ პირველ შემთხვევას უარყოფითი ტესტი უფიქსირდება, განმეორებითი ტესტის შედეგ თუ ისევ უარყოფითი პასუხი აჩვენა, პაციენტი გაიწერება.
ახალი 5 შემთხვევა უკავშირდება იტალიას. 30 შემთხვევიდან, ორ შემთხვევაში გახლავთ ირანში მოგზაურობის ისტორია, ერთ შემთხვევაში ესპანეთში, ხოლო დანარჩენი შემთხვევები პირდაპირ ან ირიბად ყველა უკავშირდება იტალიას. გვაქვს ე.წ. მესამეული გადაცემაც. კარანტინში დღეს 314 ადამიანი იმყოფება, თვითიზოლაციაშია დაახლოებით 1100 ადამიანი. ყველას, ვინც კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მოვუწოდებ დაიცვან ის წესები, რაც განსაზღვრულია. თვითიზოლაციის სწორად დაცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.